ახალი ამბები

ბეჟუაშვილი აფხაზეთზე და რუსეთის როლზე საუბრობს

რუსულ გაზეთ “ვრემია ნოვოსტეი” -სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 4 აგვისტოს გამოქვეყნდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოში არსებულ სეპარატისტულ კონფლიქტების მოგვარებაში “ამოწურა თავი შუამავლის როლში“.


მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს მიერ ზემო კოდორის ხეობაში განხორციელებული საპოლიციო ოპერაცია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გავრცელდება.


“ჩვენ არ ვაპირებთ გავცდეთ იმ შეთანხმებებს, რომელთაც 1994 წელს მოსკოვში მოეწერათ ხელი [ქართული და აფხაზური მხარეების მიერ], სხვათაშორის საქართველოსთვის კაბალური პირობებით. ჩვენ არ გვაკმაყოფილებს იმ სამშვიდობო ოპერაციის ეფექტურობის დონე, რომელიც ამ შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება. მაგრამ, ჩვენ მაინც ვაპირებთ შევასრულოთ ეს შეთანხმება, სანამ ის არ გადაიხედება“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.


მან ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება რუსეთის პოლიტიკის “მძევალი” გახდა.


კითხვაზე აპირებს თუ არა საქართველო აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებების პროცესში ჩართვის საკითხის წამოწევას, ბეჟუაშვილმა განაცხადა: “ეს არ არის აუცილებელი. [აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის] მთავარი მიზანი დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური საკითხების მოგვარებაა“.


მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო დათანხმდება გაეროს დამკვირვებლების და რუსი სამშვიდობოების მიერ კოდორის ხეობის მონიტორინგზე მას შემდეგ, რაც  ხეობაში უსაფრთხოების სრული გარანტია იქნება.


“რაღაც მიზეზების გამო, ყველას დაავიწყდა, რომ გაეროს მონიტორინგი კოდორის ხეობაში სამი წლის წინ უსაფრთხოების გარანტიების ნაკლებობის გამო შეწყდა. ჩვენ ახლა იქ უსაფრთხოების პირობებს ვქმნით… მოგვეცით ერთი ან ორი კვირა და შემდეგ განახორციელეთ მონიტორინგი“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.


თუმცა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 31 ივლისს განაცხადა, რომ თბილისი კოდორის ხეობის მონიტორინგზე მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდება, რაც გუდაუთის სამხედრო ბაზის საერთოშირისო ინსპექტირება განხორციელდება.


ბეჟუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც მისი ყოფილი მოადგილე მერაბ ანთაძე კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა, მისი პირველი მოადგილე ვალერი ჩეჩელაშვილი გახდა პასუხისმგებელი რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოებაზე. მისი თქმით, სექტემბერში იგეგმება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი დენისოვის ვიზიტი საქართველოში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button