skip to content
ახალი ამბები

ოქრუაშვილი: კოდორის მონიტორინგი შესაძლებელია გუდაუთის ბაზის ინსპექტირების შემდეგ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 31 ივლისს განაცხადა, რომ თბილისი დათანხმდება ზემო კოდორის ხეობის მონიტორინგზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც განხორციელდება გუდაუთის სამხედრო ბაზის ინსპექტირება.


“მე მოვუსმინე ჩემი რუსი კოლეგის სერგეი ივანოვის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ უნდა განხორციელდეს კოდორის ხეობის მონიტორინგი. დიახ, ჩვენ თანახმა ვართ ამ მონიტორინგზე, მაგრამ მხოლოდ გუდაუთის სამხედრო ბაზის მონიტორინგის შემდეგ“,- განაცხადა ოქრუაშვილმა 31 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც მისი კოდორის ხეობიდან დაბრუნების შემდეგ გაიმართა.


თბილისი დაჟინებით მოითხოვს გუდაუთის სამხედრო ბაზაზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებას, რათა დადასტურდეს რუსეთის მიერ მისი დახურვა, როგორც ამას 1999 წლის ეუთოს სტამბოლის შეთანხმება ითვალისწინებს.


ოქრუაშვილის თქმით, ანტიკრიმინალური ოპერაცია ემზარ კვიციანის და მისი მებრძოლების წინააღმდეგ საქართველოს პოლიციამ განახორციელა, არმიის ძალებმა კი “მხოლოდ ლოგისტიკური დახმარება“ აღმოუჩინეს მათ.


“ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმის მხოლოდ მცირე ნაწილი ეხმარებოდა პოლიციას, თუმცა ეს შენაერთი იქ უკვე აღარ არის; მან უკვე დატოვა ხეობა“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button