ახალი ამბები

დეპუტატი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების პრევენციის ინიციატივით გამოდის

დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან ნიკა გვარამიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კოდორის სპეცოპერაციის მიმდინარეობისას ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებების ფონზე აპირებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივით მიმართოს პარლამენტს, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის მოღალატური განცხადებების წინააღმდეგ.


გვარამიას განცხადებით, მისი საკანონმდებლო ინიციატივა ექსტრემიზმის, მათ შორის პოლიტიკური ექსტრემიზმის და სამშობლოს მოღალატური განცხადებების წინააღმდეგ იქნება მიმართული, “ისეთის როგორიც ჰქონდა მაგალითად შალვა ნათელაშვილს, რომელმაც პირდაპირ მოუწოდა იარაღი დაეყარათ ლეგიტიმური სტრუქტურების წარმომადგენლებს და ჩაბარებოდნენ საველე მეთაურ კვიციანის ბანდებს“.

დეპუტატის თქმით, მსგავსი საკანონმდებლო პრეცედენტები არსებობს აშშ–ი “პატრიოტული აქტის” სახით და ასევე ისრაელის სახელმწიფოში.


მისი თქმით, კოდორის კრიზისის დროს ოპოზიციის ერთ ნაწილს არ აღმოაჩნდა ზოგადი ეროვნული ფასეულობები.


“ქალბატონი ზურაბიშვილის გამბედაობა ნამდვილად მისასალმებელია ამ პროცესში და ის ერთადერთი აღმოჩნდა, რომელსაც ადექვატური და სწორი შეფასებების უნარი აღმოაჩნდა ამ პროცეში“, – განაცხადა გვარამიამ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button