
ქართული მხარე სოხუმს სამხედრო მუქარის შეწყვეტას ურჩევს
ქართული მხარე მოუწოდებს აფხაზურს შეწყვიტოს სამხედრო მუქარა და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების ყველა არსებულ ფორმატს. ამის შესახებ განცხადებას 28 ივლისს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კოდორის ხეობაში წარმატებით ჩატარებული საპოლიციო ოპერაციის შედეგად კონსტიტუციური წესრიგი დამყარდა.
“ამ ფონზე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს აფხაზური მხარის განცხადებები კოდორის ხეობაში საომარი მოქმედებების შესაძლო დაწყების თაობაზე… მოვუწოდებთ აფხაზურ მხარეს კონფლიქტში შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით ხელი აიღოს ძალის გამოყენების მუქარაზე და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების ყველა არსებულ ფორმატს“, – ნათქვმია 28 ივლისის განცხადებაში.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 28 ივლისს უარი თქვა ჭუბურხინჯის ოთმხრივ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე და სხვა მოლაპარაკებათა ფორმატებიდან გამოსვლითაც დაიმუქრა, თუ ქართული მხარე აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობას კოდორის ხეობაში განათავსებს. თბილისის ამ ნაბიჯის წინააღმდეგ სოხუმმა ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაც არ გამორიცხა.