ახალი ამბები

პარლამენტის ორი ოპოზიციური ფრაქცია კოდორის სპეცოპერაციას მიესალმა

პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციები – დემოკრატიული ფრონტი და მრეწველები  – მიესალმებიან ხელისუფლების მიერ კოდორის ხეობაში ჩატარებულ პოლიციურ სპეცოპერაციას ემზარ კვიციანისა და მისი ამბოხებული მებრძოლების წინააღმდეგ.


“ოპერაცია საკმაოდ წარმატებულად განხორციელდა“, – განაცხადა მრეწველთა ლიდერმა ზურაბ ტყემელაძემ და აქვე დასძინა, რომ, “სამწუხაროა ერთი ქალის დაღუპვა“ სპეცოპერაციის დროს.


კოდორში ოპერაციის მსვლელობისას ოპოზიციის უმრავლესობა გმობდა ემზარ კვიციანის განცხადებებს, რომელმაც ხელისუფლებას შეიარაღებული დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, თუმცა ამავე დროს ხელისუფლებას ძალის გამოყენებისაგან თავშეკავებისაკენ მოუწოდებდა. ასეთი პოზიციის გამო ხელისუფლებამ ოპონენტები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ოპოზიცია “გვერდში არ დაუდგა ქვეყანას რთულ პერიოდში“.


“ჩვენ პირველივე დღიდანვე ვგმობდით კვიციანის ქმედებებს, მაგრამ წყნარად და მშვიდად უნდა ჩატარებულიყო ეს კამპანია და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოყენებულიყო ძალა. მაგრამ მე მაინც მინდა გამოვთქვა კმაყოფილება“, – განაცხადა დემოკრატიული ფრონტის წარმომადგენელმა დავით ზურაბიშვილმა.

Back to top button