skip to content
ახალი ამბები

არველაძე: კვიციანი სოხუმში იმყოფებოდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ 28 ივლისს განაცხადა, რომ ემზარ კვიციანი ოჯახის წევრებთან და თავის ორ თანამოაზრესთან ერთად გუშინ საღამოს  სოხუმში იმყოფებოდა.


“კვიციანი თავის ორ თანამებრძოლთან ერთად, მას შემდეგ, რაც სოფელ ჩხალთის დატოვების საშუალება მისცეს ჩვენმა სამართალდამცავებმა იმიტომ, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული მშიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რისკი, გადავიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი არველაძემ.


მისი თქმით, კვიციანს სოხუმში ჩასვლაში აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე მისი “მეგობარი და მოკავშირე” გარი კუპალბა დაეხმარა.


არველაძის განცხადებით, კვიციანმა რუსეთის ტელეკომპანია ORT-ს ინტერვიუ სოხუმში სწორედ მისცა. ORT-ს განცხადებით ინტერვიუ 27 ივლისს იყო ჩაწერილი.


აფხაზურ მხარეს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ემზარ კვიციანის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ძებნილად გამოაცხადა,  სოხუმში გადასვლის შესახებ.


პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ასევე განაცხადა, რომ კოდორის ხეობაში აღმოჩენილი იარაღის მთლიანი მოცულობა 30 მლნ აშშ დოლარის ღირებულებისაა.


“ის ადამიანები[კვიციანი და მისი მომხრეები], რომლებიც ცოტა ხნის წინ სოციალური პრობლემებით აპელირებდნენ როგორც ჩანს, ვაჭრობდნენ ამ იარაღით“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button