
კვიციანი პასუხისმგებლობას სპეცოპერაციის დაწყებამდე პრეზიდენტს აკისრებდა
“რუსთავი 2“-ისთვის სპეცოპერაციის დაწყებამდე მიცემულ ინტერვიუში ემზარ კვიციანი კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე მთელ პასუხისმგებლობას საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს აკისრებს.
ოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია, თუმცა კვიციანის ძებნა, რომელმაც რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად გაიქცა და ტყეს შეფარა თავი, გრძელდება.
“რუსთავი 2“–ის ინფორმაციით, შესაძლოა კვიციანი ყაბარდო–ბალყარეთის მიმართულებით ცდილობს ქვეყნიდან გასვლას, რადგან, ამავე ინფორმაციით, აფხაზეთის მხარეს ვერ გადავა იმის გამო, რომ ქართული შენაერთები ადმინისტრაციული საზღვის მთელ პერიმეტრს აკონტროლებენ.
ემზარ კვიციანის ინტერვიუს ვიდეო–ჩანაწერი “რუსთავის 2“–მა დღეს გაუშვა ეთერში. სპეცოპერაცია კოდორის ხეობაში 25 ივლისს დაიწყო.
“მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება მიხეილ სააკაშვილს. დაღვრის სისხლს, დაიღვრება მისი სისხლი, ამას წინ არაფერი არ უდგას. ეს არის ჩემი ბოლო პასუხი“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.
სპეცოპერაციის დაწყებემდე იგი ასევე აცხადებს, რომ არ დათანხმდა ხელისუფლების შეთავაზებას, რომ “კორიდორს გამიკეთებდნენ და გამიშვებდნენ“.
იგი ასევე საუბრობს გეგმებზე სახელისუფლებო ძალების წინააღმდეგ. კვიციანი ამბობს, რომ დაუბრკოლებლად აპირებდა ხეობაში ამ ძალების შემოშვებას და მათთვის ზურგიდან დარტყმას.
“თუ არ წავლენ“, – აცხადებს კვიციანი სპეცოპერაციამდე, “აფხაზები აგერ დგანან გამზადებულები და იომონ ერთმანეთში. შევხედავ ერთი როგორი ვაჟკაცები არიან ოქრუაშვილი და თავისი ბიჭები, ვინც აქ საომრად შემოვიდა“.