
ახალი ამბები
ჩაბანი: რუსი სამშვიდობოები აპირებენ ზემო კოდორის მონიტორინგის განახლებას
აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ–ს ეგიდით განლაგებული რუსი სამშვიდობოების სარდალი სერგეი ჩაბანი აცხადებს, რომ შესაძლოა ახლო მომავალში დაიწყოს კოდორის ხეობის ზემო ნაწილის სამშვიდობოების მიერ მონიტორინგის განახლებაზე მსჯელობა, იუწყება 27 ივლისს “ინტერფაქსი“.
“დღეს ირაკლი ალასანიასთან საუბრისას მოვილაპარაკეთ, რომ ახლო მომავალში აუცილებელია განვიხილოთ საკითხი კოდორის ხეობის ზემო ნაწილის მონიტორინგის თაობაზე, რომელსაც ჩვენ უკვე სამი წელია, რაც არ ვაწარმოებთ“, – განაცხადა სერგეი ჩაბანმა.
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ იგი ესაუბრა სერგეი ჩაბანს, თუმცა მონიტორინგის შესაძლო განახლების საკითხზე არაფერი უთქვამს.