ახალი ამბები

გავრცელებული ცნობით, კოდორის მოსახლეობა იარაღს წინააღმდეგობის გარეშე აბარებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები კოდორის ხეობის სოფელ გენწვისში იმყოფებიან, სადაც მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა და იარაღის ამოღება. ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2“- ს ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ კოდორის ხეობიდან სატელეფონო საუბრისას აცნობა.


ლეჟავა ერთადერთი ჟურნალისტია, რომელიც კოდორის ხეობაში სპეცოპერაციის დაწყების დღიდან იმყოფება.


მისი თქმით, წინააღმდეგობას ადგილი არ აქვს და მოსახლეობა ნებაყოფლობით აბარებს იარაღს. “მოსახლეობა არ იზიარებს ემზარ კვიციანის მოსაზრებას დაუმორჩილებლობის შესახებ“, – განაცხადა ნანა ლეჟავამ და დასძინა, რომ მძიმე სოციალური პირობები მოსახლეობაში მთავარი პრობლემაა.


26 ივლისს ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე საუბრისას ნანა ლეჟავამ განაცხადა, რომ პირველი შეტაკება სოფელ საკენთან მოხდა, სადაც ემზარ კვიციანის მომხრეები იყვნენ განლაგებული. “ადგილი ჰქონდა ორმხრივ სროლებს“, – განაცხადა მან.


ჟურნალისტის ინფორმაციით, 26 ივლისს სპეცოპერაციაში ჩაერთვნენ ვერტმფრენებიც და მისივე განცხადებით, სოფელ ჩხალთაში “დაბომბილია ემზარ კვიციანის, მისი დის და დისშვილის საცხოვრებელი სახლები“.


“თუმცა მსხვერპლი არ არის მოსახლეობაში, ასევე მსხვერპლი არ არის შიანაგან საქმეთა სამინისტროს ძალებში. დაჭრილია სამი, რომლებიც გადაყვანილი არიან ჭუბერში“, – განაცხადა სატელეფონო საუბარში ნანა ლეჟავამ.


ჟურნალისტის განცხადებით, ძნელია საუბარი თუ როდის დასრულდება სპეცოპერაცია, რომელიც ემზარ კვიციანისა და მისი შეიარაღებული მომხრეების გაუვნებელყოფას ისახავს მიზნად.


 

Back to top button