ახალი ამბები

არველაძე: წინააღმდეგობის კერები რჩება, თუმცა კოდორის დიდ ნაწილს ხელისუფლება აკონტროლებს

ემზარ კვიციანი, თავის რამოდენიმე მებრძოლთან ერთად ცდილობს გაარღვიოს სამართალდამცველთა ალყა და თავი აფხაზების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შეაფაროს, განაცხადა 26 ივლისს, დაახლოებით 9 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ.


მისი თქმით სამართალდამცველების მიერ გადაკეტილია  გზები, რათა არ მიეცეს კვიციანს გაქცევის საშუალება.


გიორგი არველაძის თქმით, ამჟამად “კრიმინალებისგან გაწმენდილია“ ზემო კოდორის ხეობის შემდეგი სოფლები: საკენი, ზემო და ქვემო ომარიშარა, გენწვისი და ჩხალთა. ეს უკანასკნელი კვიციანის მშობლიური სოფელია.


თუმცა არველაძემ იქვე დასძინა, რომ ჯერ კიდევ არსებობს წინააღმდეგობის რამოდენიმე კერა, მათ შორის სოფელ ზემო აჟარაში.


მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სამართალდამცველების მხარეს დაჭრილია მხოლოდ ორი ადამიანი.


დღეს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კვიციანის ოცამდე მეომარი იყო დაჭრილი, თუმცა არველაძემ ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.


მან ასევე აღნიშნა, რომ ანტიკრიმინალური ოპერაცია “დიდ წარმატებით მიმდინარეობს“ და ადგილობრივი მოსახლეობა სამართალდამცველებთან თანამშრომლობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button