ახალი ამბები

ოპოზიცია ხელისუფლებას კოდორში სიტუაციის განმუხტვისაკენ მოუწოდებს

საპარლამენტო ოპოზიცია არ ამართლებს კოდორის ხეობაში არსებული შეიარაღებული ჯგუფის “მონადირის“ ხელმძღვანელის ემზარ კვიციანის გადაწყვეტილებას შეიარაღებული გზით გაარკვიოს ურთიერთობები ხელისუფლებასთან, თუმცა ამავე დროს დაუშვებლად მიიჩნევს ძალისმიერ ოპერაციას კოდორის ხეობაში.


22 ივლისს ემზარ კვიციანმა გააკეთა განცხადება ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის შესახებ. მისი თქმით, ხელისუფლება 27 ივლისისთვის ძალისმიერ ოპერაციას გეგმავს კოდორის ხეობაში, რასაც იგი “მონადირის“ მებრძოლებთან ერთად იარაღით დაუპირისპირდება. ხელისუფლებამ ვითარების კიდევ უფრო დაძაბვის შემთხვევაში ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარება არ გამორიცხა.


ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოთხოვა ხელისუფლებას გარანტიები, რომ კოდორის ხეობაში არ ჩატარდება სამხედრო სპეცოპერაცია; ასევე მოთხოვა მთავრობას დაიწყოს მოლაპარაკებები ემზარ კვიციანთან; აღადგინოს “მონადირის“ ოფიციალური სტატუსი (2005 წლიდან “მონადირე” თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში აღარ არის) და დაფინანსება; ასევე უზრუნველყოს ხეობასთან სატრანსპორტო გზების მოწერიგება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ელემენტარული სოციალურ–ეკონომიკური პირობების შექმნა.


კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელმა, დეპუტატმა კახა კუკავამ კვიციანის პოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ  არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა “ძალიან დიდ საფრთხეს“ შეიცავს.


საპარლამენტო ფრაქცია მრეწველების ლიდერის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, “ხელისუფლება ვალდებულია განმუხტოს სიტუაცია“ კოდორის ხეობაში.


“ყოველგვარი სამხედრო აქციის, შეიარაღებული დაუმორჩილებლობის და იარაღის ჟღარუნის წინააღმდეგი ვარ“, – დასძენს იგი.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button