
ოპოზიცია ხაინდრავას მოხსნაზე კომენტარს აკეთებს
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებით, მთავრობის შემადგენლობაში რეალურად არანირი ცვლილებები არ განხორციელებულა, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა თავისი “მოქალაქეობრივი“ პოზიციის გამო “დაისაჯა”.
დღეს ცნობილი გახდა მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ, რაც გარემოს დაცვის მინისტრის გიორგი პაპუაშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად წარდგენამ განაპირობა. ცვლილებების შედეგად მინისტრთა კაბინეტში, რომელსაც პარლამენტი მომავალ კვირას დაამტკიცებს, ვერ მოხვდა გიორგი ხაინდრავა, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე შეცვლის. დანარჩენმა მინისტრებმა, მათ შორის შს მინისტრმა ვენო მერაბიშვილმა, რომლის გადადგომასაც რამდენიმე თვეა მოითხოვს ოპოზიცია, პოსტები შეინარჩუნეს.
“ერთადერთი ადამიანი [გიორგი ხაინდრავა] იქნა მთავრობიდან გაყვანილი იმის გამო, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა გირგვლიანის პროცესზე, დევნილებთან დაკავშირებულ პრობლემებზე და საერთოდ იყო უფრო დამოუკიდებელი ფიგურა“, – განუცხადა ფრაქცია დემოკრატიული ფრონტის წარმომადგენელმა დავით ზურაბიშვილმა დღეს ტელეკომპანია “იმედს“.
მრეწველთა ფრაქციის წევრის გია ცაგარეიშვილის განცხადებით, გიორგი ხაინდრავა იყო “ერთადერთი ნათელი წერტილი“ მინისტრთა კაბინეტში.
“ამ მთავრობამ ის ვერ გაიგო, რომ ჯერ ამ ქვეყნის მოქალაქე უნდა იყო და შემდეგ მინისტრთა კაბინეტის წევრი“, – განაცხადა მან.
ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში შეინიშნება ე.წ “ომის პარტიის“ მომძლავრების ტენდენცია.
“საქართველოს მთავრობის შიგნით სულ არის ლაპარაკი ომის პარტიასა და სამშვიდობო ხაზს შორის დაპირისპირებაზე. გოგა ხაინდრავა, რომ ამ სამშვიდობო ხაზს წარმოადგენდა ხელისუფლებაში არავისთვის არ იყო დამალული. ასევე ძალიან ნიშანდობლივია, რომ ცოტა ხნის წინ [საქართველოს წარმომადგენელი გაეროში, ირაკლი] ალასანია გაისტუმრეს ხელისუფლებიდან“, – განუცხადა “იმედს“ ფიქრია ჩიხრაძემ.