skip to content
ახალი ამბები

ლავროვი: რუსეთი ყველა საშუალებით დაიცავს თავის მოქალაქეებს და სამშვიდობოებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 20 ივლისს გაზეთ “კომერსანტ“ -თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი ყველა საშუალებით დაიცავს თავის მოქალაქეებს და სამშვიდობოებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში.


“ამრიგად, არავის არ ვურჩევ, რომ ჩვენი მოქალაქეების და სამშვიდობოების სიცოცხლე და ღირსება ხელყოს“, – განაცხადა ლავროვმა.


“ბოლო დროს საქართველო საბოტაჟს მიმართავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების მექანიზმებთან დაკავშირებით. თბილისი საბოტაჟს მიმართავს იმ შეთანხმებებთან მიმართებაში, რომლებშიც საქართველო თავად მონაწილეობს. [ქართული მხარე] უარს აცხადებს ხელი მოაწეროს ეუთოს მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებებს ცხინვალთან და სოხუმთან საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ. [თბილისი] ასევე უარს აცხადებს აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების განახლებაზე, თუმცა გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის მიერ წარმოდგენილი პროცედურები დიდი ხანია ცნობილია და მზად არის. დაძაბულობის ზრდა სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით ჩვენი შეშფოთების კიდევ ერთ წყაროს წარმოადგენს. გარდა ორი ინციდენტისა, რომლის დროსაც ჩვენი საელჩოს მანქანა იქნა დაკავებული ჩვენი დიპლომატებით, რუსი სამშვიდობო დაშავდა ნაღმის აფეთქების შედეგად. საქართველოს მხრიდან ნაღმები იქ ცოტა ხნის წინ გაჩნდა“, – განაცხადა ლავროვმა.


“უამრავი საეჭვო ფაქტი არსებობს, რომ სამხრეთ ოსეთში ძალისმიერი ქმედებები მზადდება“, – დასძინა მინისტრმა.


მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის მოთხოვნა კონფლიქტების ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე “ერთი ჯაჭვის ნაწილი“ და დაძაბულობის გამწვავების მცდელობაა.


 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button