ახალი ამბები

გირგვლიანის საქმის მთავარი მოწმის ჩვენებაზე გამოძიება დაიწყო

თბილისის პროკურატურამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის მთავარი მოწმის და ამავდროულად დაზარალებულის ლევან ბუხაიძის ჩვენების გამოძიება დაიწყო, განაცხადა თბილისის მთავარმა პროკურორმა გიორგი ღვინიაშვილმა 12 ივლისს.


ლევან ბუხაიძე და სანდრო გირგვლიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხმა თანამშრომელმა 28 იანვარს წაიყვანეს ოქროყანაში და სასტიკად სცემეს. შედეგად, გირგვლიანი გარდაიცვალა, ბუხაიძემ კი გაქცევა მოახერხა.  გამოძიების პროცესში ბუხაიძემ სამი პიროვნება ამოიცნო, ხოლო მეოთხის – მიხეილ ბიბილურიძის თაობაზე ეჭვები გამოთქვა. 6 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ბუხაიძემ განაცხადა, რომ მან გაიხსენა მეოთხე პიროვნება და რომ ეს იყო ოლეგ მელნიკოვი, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი. თუმცა, გამოძიების პროცესში მან მელნიკოვის ამოცნობა ვერ შეძლო.


ლევან ბუხაიძის ადვოკატმა 12 ივლისს განაცხადა, რომ თბილისის პროკურატურა ბუხაიძის წინააღმდეგ ყალბი ჩვენების მიცემის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას გეგმავს.


თუმცა, თბილისის მთავარმა პროკურორმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, რომ თავდაპირველად პროკურატურა გამოიძიებს, იყო თუ არა ბუხაიძის მიერ მიცემული ჩვენება მართალი.   


ბუხაიძე თბილისის პროკურატურაში დასაკითხად 11 ივლისს დაიბარეს.


თუ დადასტურდება ბუხაიძის ჩვენება, რომ მელნიკოვი 28 იანვარს დანაშაულის ადგილას იმყოფებოდა, ეს დანაშაულის ოფიციალურ ვერსიას, რომლის მიხედვითაც  მკვლელობა მსხვერპლსა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს შორის სპონტანური კამათის შედეგი იყო, გააბათილებს.  თუ გამოძიება ვერ დაადასტურებს ბუხაიძის ჩვენებას მელნიკოვის შესახებ, ბუხაიძის წინააღმდეგ ყალბი ჩვენების მიცემის მოტივით სისხლის სამართლის საქმე აღიძრება.  


თუმცა, გირგვლიანის ნათესავები, ოპოზიციური პარტიები და ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ ინციდენტი გირგვლიანსა და შარდენ-ბარში მყოფ შსს-ს მაღალჩინოსნებს შორის მომხდარი კონფლიქტის შედეგია. მელნიკოვმა კაფე გირგვლიანის გასვლიდან მალევე დატოვა, რამაც გარკვეული ეჭვები გააჩინა.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button