ახალი ამბები

ზურაბიშვილი არჩევნებში გზას დამოუკიდებლად გაიკვალავს

სალომე ზურაბიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისკენ გზის გაკვალვა დამოუკიდებლად, სხვა ოპოზიციურ ძალებთან გაერთიანების გარეშე და ხელისუფლების კონკრეტულ საკითხებზე კრიტიკის გზით გადაწყვიტა, რითაც ფაქტიურად მესამე გავლენიანი პოლიტიკური ცენტრი შექმნა.  

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ოპოზიციური პარტიის „საქართველოს გზა“ ლიდერი 11 ივლისს ტელეკომპანია “რუსთავი 2“-მა მიიწვია პირდაპირ ეთერში. ცოტა ხნის წინ, დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა ამ ტელეკომპანიას ხელისუფლების კურსის გატარებაში დასდო ბრალი და ბოიკოტი გამოუცხადა. 


“მე საერთოდ ბოიკოტის წინააღმდეგი ვარ. დღეს ბოიკოტია გავრცელებული ყველა სხვადასხვა დარგში: ბოიკოტი პარლამენტში, ბოიკოტი პრესაში – სხვათაშორის ორივე მხრიდან – კერძოდ, ხელისუფლება ტელეკომპანია “იმედს“ უცხადებს ბოიკოტს, ოპოზიცია კი  – “რუსთავი 2“-ს; პირველ რიგში, მე არჩევნების ბოიკოტის წინააღმდეგი ვარ. ბოიკოტის პოლიტიკა აფერხებს დიალოგს, რაც დემოკრატიის არსებითი ნაწილია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


მისი თქმით, თბილისის საკრებულოს და ქალაქის მერის არჩევის არსებული სისტემა არ არის სამართლიანი, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტის მიზეზი, რაზეც ოპოზიციური ძალები თათბირობენ.


თუ ადგილობრივი არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება, თბილისის საკრებულოს 37 მანდატიდან 25 იქნება იმ პარტიის, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ, თუმცა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა არანაკლებ 30%–ის ხმებს. დანარჩენი 12 მანდატი გადანაწილდება იმ პარტიებზე, რომლებიც 4%–იან ბარიერს გადალახავენ.


“არჩევნები არის იმის შანსი საზოგადოებისთვის, რომ გამოხატოს თავისი აზრი, მაგრამ როგორც ჩანს ეს დღეს მაინცდამაინც არავის არ აინტერესებს. ხელისუფლებამ თავისთვის მოიმზადა ახალი საარჩევნო კოდექსი, რადგანაც ეჭვობს, რომ ვერ მოიპოვებს უმრავლესობას [პროპორციულის სისტემით არჩევნების ჩატარების შემთხვევაში], ხოლო შვიდი ოპოზიციური პარტია კი ფიქრობს, რომ 30%-ს ვერ მიაღწევს და ამიტომ ურჩევნია ბოიკოტი. ეს არის ძალიან მცდარი მიდგომა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


მისი თქმით, როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა განმუხტონ არსებული პოლიტიკური დაძაბულობა და უარი თქვან “ხელოვნურ დაპირისპირებაზე“.


“მოსახლეობას არ უნდა ქუჩაში გამოსვლა და არ უნდა რევოლუციები და გადატრიალება. მოსახლეობას უნდა დემოკრატია და უნდა გირგვლიანის საქმის სამართლიანი გამოძიება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.


სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს წინ უძღოდა პრეზიდენტ სააკაშვილის პრესკონფერენცია, რომლის დროსაც საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მას “ისტორიული“ უწოდა.


“უცხოეთში წარმატება, ან ის შანსი, რომელიც დღეს გაუჩნდა საქართველოს, კარგია, მაგრამ შანსს უნდა გამოყენება აქ, ადგილზე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.


პრეზიდენტ სააკაშვილს პრეს-კონფერენციის დროს არაფერი უთქვამს სანდრო გირგვლიანის თემაზე, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგის ერთ–ერთი წამყვანი საკითხია. 


“პრეზიდენტს ევალება გასცეს პასუხი ხალხს გირგვლიანის მკვლელობაზე. როგორ შეიძლება, რომ ჩამოვიდეს და გველაპარაკოს ბუშზე და მასთან გამართულ მიღებაზე – ეს თავისთავად ძალიან კარგია და ამაში სრულიად ვეთანხმები – მაგრამ გირგვლიანის საქმეზე არაფერს არ იძახის“, – დასძინა მან.


მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელსაც “პოლიტიკური პასუხისმგებლობა“ ეკისრება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამო, უნდა გადადგეს. მან ასევე გააკრიტიკა პარლამენტის ხელმძღვანელობა, რომელმაც უარი თქვა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე გირგვლიანის საქმის გამოძიების მიზნით. ზურაბიშვილის თავდასხმები პარლამენტზე ხშირია. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა მან გასული წლის ოქტომბერში საპარლამენტო უმრავლესობის, კერძოდ კი პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის დაჟინებული მოთხოვნით დატოვა.


მან ასევე კომენტარი გააკეთა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაძაბულ ვითარებაზე და რეფორმების თაობაზე მიმდინარე საპროტესტო აქციები გააკრიტიკა.


“უნივერსიტეტის გადამრჩენი არ არის დიდი საბჭო [დათხოვილი მმართველი ორგანო, რომელიც რეფორმების მოწინააღმდეგე ე.წ. მეამბოხე პროფესორებს აერთიანებს]“, – განაცხადა მან.


მისი თქმით, “საქართველოს გზა“ 21 ივლისს ყრილობის გამართვას გეგმავს, სადაც არჩევნების შესახებ პარტიის პოლიტიკა გახმოვანდება. პარტიის დამფუძნებელი ყრილობა 2006 წლის მარტში ჩატარდა.

მსგავსი/Related

Back to top button