ახალი ამბები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ბურჯანაძის რეზოლუციას მხარი დაუჭირა

5 ივლისს ბრიუსელში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურმა კომიტეტმა მიიღო ქართული დელეგაციის მიერ ინიცირებული რეზოლუცია, რომელიც ასამბლეის ეფექტურობის გაზრდასა და გადაწყვეტილებების შესრულებაზე მონიტორინგის დაწესებას ეხება.


პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის პრესსამსახურის ცნობით, მას შემდეგ, რაც რუსეთის დელეგაციამ, რომელმაც რეზოლუციას “საშიში“ უწოდა, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა, ქართული დელეგაციის ამ ინიციატივას ასამბლეის დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.


ნავარაუდევი იყო, რომ რეზოლუციის ჩაგდების შემთხვევაში, ნინო ბურჯანაძე უარს იტყოდა კენჭი ეყარა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე, რადგან რეზოლუციაში წარმოდგენილი საკითხები მის საარჩევნო პლატფორმას ასახავს.


ამდენად, ნინო ბურჯანაძე, რომელიც 2000 წლიდან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე–პრეზიდენტია, სხვა 4 კანდიდატთან ერთად ასამბლეის პრეზიდენტობისათვის ბრძოლას განაგრძობს.  არჩევნები ბრიუსელში 7 ივლისს გაიმართება.

Back to top button