
ცნობილი ადამიანები “თანასწორობის ინსტიტუტის” წევრების დაკავებას აპროტესტებენ
დღეს საზოგადოების ცნობილი სახეები და მწერლები შეიკრიბნენ, რათა გამოეხატათ პროტესტი “თანასწორობის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის ირაკლი კაკაბაძისა და ორგანიზაციის კიდევ სამი წევრის “უკანონო“ დაკავების გამო, რომელთაც 29 ივნისს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით სასამართლოს ეზოში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო 30–დღიანი პატიმრობა შეეფარდათ.
ცნობილი ადამიანები, მათ შორის ლაშა ბუღაძე, რატი ამაღლობელი, დავით მაღრაძე, გარდაცვლილი პრემიერ–მინისტრის მეუღლე ნინო ჟვანია აპროტესტებენ, როგორც თავად აცხადებენ, თავისუფალი სიტყვის გამო ადამიანების დაპატიმრებას და ქვეყანაში დემოკრატიის მხრივ სიტუაციის გაუარესებაზე საუბრობენ.
“ყველაფერი ეს არის დღევანდელი დემოკრატიის სახე. როგორც წავა სასამართლო პროცესი [გირგვლიანის საქმეზე], იქნება ნათელი გამოხატულება იმისა, თუ რა ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა გარდაცვლილი პრემიერ–მინისტრის ზურაბ ჟვანიას მეუღლემ.