
სასამართლო გირგვლიანის საქმეზე მთავარ მოწმეებს კითხავს
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები და მინისტრის მეუღლე დაკითხა.
მარტში გირგვლიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი ოფიცერი დააპატიმრეს.
თუმცა გირგვლიანის ოჯახისა და მათი მხარდამჭერი საზოგადოებრივი ჯგუფების განცხადებით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დაკვეთაში შსს–ს ყოფილ მაღალჩინოსნებს დათა ახალაიას, ვასილ სანოძეს, გურამ დონაძესა და ასევე შს მინისტრის მეუღლეს თაკო სალაყაიასაც მიუძღვით წვლილი.
თამარ მაისურაძემ, რომელიც საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, განუცხადა სასამართლოს, რომ ის და სანდრო იმ მაგიდის მახლობლად ისხდნენ კაფეში, სადაც შს სამინისტროს ოფიციალური პირები და მინისტრის მეუღლე ისხდნენ. მაისურაძემ ასევე განაცხადა, რომ გირგვლიანი ემოციურად საუბრობდა და დონაძეს შეურაცხყოფას აყენებდა. მაისურაძემ ასევე აღნიშნა, რომ ის დარწმუნებული არ არის გაიგებდა თუ არა დონაძე ან მასთან მჯდომი რომელიმე პიროვნება გირგვლიანის სიტყვებს.
30 ივნისს გამართულ სასამართლო პროცესზე დაკითხულმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ არაფერი გაუგიათ, რადგანაც მუსიკა კაფეში ხმამაღლა უკრავდა.
საქმეში მთავარი ეჭვმიტანილია შს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი გია ალანია და იმავე დეპარტამენტის კიდევ სამი თანამშრომელი.
ალანია სასამართლოს ჯერ არ დაუკითხავს, თუმცა დაპატიმრებიდან ცოტა ხნის შემდეგ მან თავისი დანაშაული აღიარა. თავის ჩვენებაში ალანია აცხადებს, რომ იგი გირგვლიანს მაშინ შეხვდა, როცა ეს უკანასკნელი 27 იანვარს გვიან ღამით კაფედან გამოვიდა. ალანიას თქმით, მან და მისმა კოლეგებმა გაიგეს, თუ როგორ ლანძღავდა გირგვლიანი გურამ დონაძეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მაშინდელ უფროსს, რამაც გააღიზიანა ალანია და გირგვლიანთან შელაპარაკება მოუვიდა. იგი ასევე აცხადებს, რომ მან და მისმა სამმა კოლეგამ გირგვლიანი და მისი მეგობარი ოქროყანაში წაიყვანეს და სცემეს. გირგვლიანის გვამი მეორე დილას იპოვეს, მისი მეგობარი კი გადარჩა.
გამომძიებლებმა უარყვეს, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო და აღნიშნეს, რომ ინციდენტი იყო ეჭვმიტანილებსა და მსხვერპლს შორის სპონტანური კამათის შედეგი.