
ოპოზიცია სახელისუფლებო ძალადობის წინააღმდეგ საგანგებო რეჟიმზე გადადის
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ – ახალმა მემარჯვენეებმა, რესპუბლიკელებმა, თავისუფლებამ, კონსერტორებმა, ლეიბორისტებმა, მრეწველებმა და სახალხო ფორუმმა – განაცხადა, რომ ხელისუფლების ძალადობის წინააღმდეგ საგანგებო შტაბს ქმნიან, რომელიც 30 დღის განმავლობაში იფუნქციონირებს.
შტაბის შექმნა განაპირობა “თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრების “უკანონო“ დაკავებამ, დევნილებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, თბილისის სახელმწიფო უნივესტიტეტში შექმნილმა ვითარებამ.
“30 დღეს შტაბი საგანგებო რეჟიმში იმუშავებს, თუმცა შეიძლება მუშაობა კიდევ გახანგრძლივდეს“, – განუცხადა ახალი მემარჯვენეების ერთ–ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ „სივილ ჯორჯიას“.
ოპოზიციური სპექტრი აპირებს კოორდინირებულად მიუდგეს ყველა განაწყენებული სოციალური ფენის პრობლემებს.
“ხელისუფლების ტოტალური ძალადობის პირობებში დადგა დრო, რომ მოხდეს კოორდინირება და გაერთიანება ყველა სოციალური ფენისა, რათა ერთობლივი საპროტესტო აქციები ჩატარდეს სახელისუფლებო ძალადობის წინააღმდეგ“, – განაცხადა 30 ივნისს კონსერვატორების ლიდერმა კობა დავითაშვილმა.
მისი თქმით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესმა უკანა პლანზე გადაიწია იმ ძალადობის ფონზე, რასაც ამ პროცესის პარალელურად აქვს ადგილი.
“ახალი ძალადობები ხდება ამ სასამართლო პროცესზე. იმის ნაცვლად, რომ მკვლელობის ორგანიზატორები იყვნენ დასჯილი, ისინი დადიან შეიარაღებული რაზმებით და არბევენ საპროტესტო აქციებს”, –განაცხადა დავითაშვილმა.
დღეს გირგვლიანის პროცესის მიმდინარეობისას სასამართლოს ეზოში შეკრებილ ადამიანებს, მათ შორის დეპუტატ ფიქრია ჩიხრაძეს, დაუდგენელი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ.