ახალი ამბები

ოპოზიცია თბილისის საკრებულოს პროპორციული წესით არჩევას ითხოვს

დღეს შვიდი ოპოზიციური პარტიის  – ახალი მემარჯვენეების, რესპუბლიკელების, თავისუფლების, კონსერვატორების, ლეიბორისტების, მრეწველებისა და სახალხო ფორუმის ლიდერემბმა ხელის მოაწერეს ერთობლივ განცხადებასა, სადაც თბილისის საკრებულოს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში “იძულებულნი ვიქნებით განვიხილოთ არჩევნების ბოიკოტირების საკითხი“.


“ამ განცხადებას გარკვეული შენიშვნებით უერთდება სალომე ზურაბიშვილის მოძრაობაც… ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა საარჩევნო სისტემის შეცვლა და პროპორციული არჩევნების ჩატარება – ამ ნაწილში ჩვენ, 8 პოლიტიკური პარტია ვართ ერთ აზრზე“, – განაცხადა ერთობლივ პრესკონფერენციაზე რესპუბლიკელთა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.


ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ “ჯერ კიდევ შეიძლება მოსალოდნელი კრიზისული სიტუაციის დაძლევა, თუ შეიცვლება თბილისის საკრებულოს არჩევის წესი“, რაც ერთპარტიული საკრებულოს ნაცვლად, უზრუნველყოფს ყველა საარჩევნო სუბიექტის თანაბარ შესაძლებლობებს და საკრებულოში საზოგადოებრივი განწყობის ადეკვატურ ასახვას.                                                                                                                                                  


მოქმედი საარჩევნო სისტემის თანახმად, თბილისის საკრებულოს 37 მანდატიდან 25 იქნება იმ პარტიის, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ, თუმცა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა არანაკლებ 30%–ის ხმებს. დანარჩენი 12 მანდატი გადანაწილდება იმ პარტიებზე, რომლებიც 4%–იან ბარიერს გადალახავენ, რაც ოპოზიციური პარტიების საკრებულოში მოხვედრის “დეკორაცია“ იქნება. 


“შესაბამისად, ძალიან დიდი ალბათობით არჩევნებში მონაწილე ამომრჩველთა 65% საკრებულოში ფაქტიურად წარმოდგენილი არ იქნება… არჩევნებში მონაწილეთა ბარიერის (1/3) გაუქმების შემდეგ ეს საკითხი კიდევ უფრო მწვავდება, ვინაიდან ასევე დიდი ალბათობით გამოვა, რომ საკრებულოში აისახება თბილისის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 8–10%–ის ნება“, – ნათქვამია განცხადებაში.


ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნის მისაღწევად კოორდინირებულ ქმედებებს გააგრძელებენ.

“თუ ხელისუფლება ამას არ დააკმაყოფილებს, ჩვენ ვართ არა მარტო აქტიური ბოიკოტის, არამედ კონტრ–აქციების მომხრე“, – განაცხადა პარტია თავისუფლების ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ.


“სააკაშვილი ან აღადგენს პროპორციულ–დემოკრატიულ საარჩევნო რეჟიმს დედაქალაქში, ან გამოეთხოვება საკუთარ სკამს საშინელი ქაოსის ფონზე, რაზედაც პასუხისმგებელი იქნება პირადად პრეზიდენტი და მისი გუნდი“, – განაცხადა ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.


 

მსგავსი/Related

Back to top button