
ბაღაფში ქართულ მხარეს დევნილთა ინტეგრირებისაკენ მოუწოდებს
29 ივნისს თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა საქართველოს ხელისუფლებას დევნილთა სოციალური პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ აფხაზური მხარე საქართველოს ხელისუფლებაზე განაწყენებულ დევნილებს არ მისცემს საშულებას ენგურის ხიდი გადალახონ.
28 ივნისს აჭარიდან დევნილთა მცირე ჯგუფი მას შემდეგ დაიძრა ფეხით აფხაზეთისაკენ, რაც ისინი ბათუმში ყაზახი ინვესტორების მიერ შეძენილი სასტუმროებიდან იძულებით გამოასახლეს.
“თუ ეს მორიგი პროვოკაციაა, ვგულისმობ აქეთ ადამიანების გამოგზავნას, იმისათვის, რომ აქ სიტუაცია აირიოს, ჩვენ ვიღებთ ყველა ზომებს, რომ ეს არ დავუშვათ“, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა თავის სატელევიზიო მიმართვაში.
“იმის მაგივრად, რომ [საქართველოს ხელისუფლებამ] სამხედრო ბიუჯეტი გაზარდოს წარმოუდგენელ ოდენობამდე, უკეთესი იქნებოდა, რომ ეს ფული სოციალურ საჭიროებებზე მიემართათ იმ ადამიანების მხარდასაჭერად, რომლებიც დღეს თავიანთ ისტორიულ სამშობლოში ცხოვრობენ და გააკეთონ ყველაფერი, რომ მათი ინტეგრირება მოხდეს საქართველოს ეკონომიკაში და სოციალურ ცხოვრებაში“, – განაცხადა ბაღაფშმა.
მისი თქმით, დევნილებთან დაკავშირებით შეთანხმებები არსებობს და “ჩვენ ერთი ნაბიჯით უკან არ დავიხევთ ამ დოკუმენტებიდან“.
ბაღაფშმა დაადასტურა, რომ გალის რაიონში დევნილთა დაბრუნების საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება, “რადგან მათ ომის პერიოდში არ მოუხდენიათ თავიანთი თავის კომპრომეტირება“.
“რაც შეეხება სხვებს [დანარჩენი აფხაზეთიდან დევნილებს], არსებობს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც იქნება ეს საკითხი განხილული“, –დასძინა ბაღაფშმა.