
დიდი რვიანის მინისტერიალზე სეპარატისტული კონფლიქტები განიხილეს
გლობალური და რეგიონალური პრიორიტეტული საკითხების განხილვის შემდეგ, დიდი რვიანის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა 29 ივნისს მოსკოვში გამართულ სამიტზე აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის კონფლიქტები განიხილეს, იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.
სხდომის დღის წესრიგში შესული საკითხების ჩამოთვლის შემდეგ (ეს საკითხებია: ირანი, ტერორიზმის და ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ ბრძოლა; ახლო აღმოსავლეთი; დასავლეთ ბალკანეთი; კორეის ნახევარკუნძული; აფრიკაში მშვიდობის შენარჩუნების მცდელობების გაძლიერება; სტაბილიზაციისა და რეაბილიტაციის საქმეში თანამშრომლობა; ერაყი; ავღანეთი; სუდანი; მთიანი ყარაბაღის საკითხის მოგვარების პროცესი; ჩრდილოეთ უგანდა; ჰაიტი), განცხადებაში ნათქვამია, რომ “ასევე განხილულ იქნა აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში და დნესტრისპირეთსა და ბელარუსში არსებული ვითარება. ეს საკითხები რამდენიმე მინისტრმა დააყენა“.
“მე ვუპასუხე რამოდენიმე კოლეგის შეკითხვებს სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთზე, დნესტრისპირეთზე და ბელარუსში არსებულ სიტუაციაზე. ჩემი აზრით, მე საკმაო ოდენობით ფაქტები დავასახელე, რომლებიც საფუძვლად უდევს ჩვენს მიდგომებს ყველა ამ საკითხის მიმართ. ვიმედოვნებ, რომ ეს სასარგებლო იყო ჩემი კოლეგებისთვის”, – განაცხადა 29 ივნისს სერგეი ლავროვმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.