
საქართველოში რუსეთის ახალი ელჩი დაინიშნება
რუსეთის ელჩი საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილი როტაციის ვადის ამოწურვის გამო საქართველოს რამოდენიმე დღეში დატოვებს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში “სივილ ჯორჯიას“ აცნობეს, რუსეთის ახალ ელჩად რუსეთის საგარეო უწყების დსთ–ს ქვეყნების მეორე დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ კოვალენკო განიხილება.
კოვალენკო, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 1972 წლიდან მსახურობს, 1992–1997 და 1999–2003 წლებში ბელარუსში იყო წარგზავნილი.
დღეს ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
“მე შერეული გრძნობით მივდივარ, ერთის მხრივ, შემსუბუქებულად და მეორეს მხრივ, სინანულით, რომ ცალკეული იდეები, რომელსაც მე ვაყენებდი, მათი განხორციელება ვერ მოხერხდა“, – განუცხადა ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა ჟურნალისტებს შეხვდერის დასრულების შემდეგ, სადაც რუსეთ–საქართველოს საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურების საკითხები განიხილეს.
ვლადიმერ ჩხიკვიშვილი საქართველოში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად 2002 წლის დეკემბრიდან მსახურობდა.