
ბეჟუაშვილმა და ოსკანიანმა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტზე კომენტარი გააკეთეს
დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გელა ბეჟუაშვილმა და ვარდან ოსკანიანმა კომენტარი გააკეთეს ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს რკინიგზის მშენებლობის პროექტის შესაძლო დაბლოკვის საკითხზე.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა ბედი ელის ამ პროექტს, თუ კონგრესი აშშ–ს ადამინისტრაციას აუკრძალავს მის დასაფინანსებლად თანხების გამოყოფას, გელა ბეჟუაშვილმა უპასუხა, რომ ამ ეტაპზე საუბარი არ არის თანხების გამოყოფაზე. მისი თქმით, ახალი სამხრეთ კავკასიური სარკინიგზო ხაზის მშენებლობა სუფთა “კომერციული“ პროექტია.
“ჩვენ დაინტერესებულები ვართ ჩვენი სატრანზიტო გზების დივერსიფიცირებით და ვფიქრობ, არ ღირს ამ საკითხის კონგრესის გადაწყვეტილებასთან დაკავშირება, რადგან თუ ეს კომერციულად მომგებიანი პროექტი იქნება, აშშ–ს კონგრესმა შეიძლება გამოყოს ამისთვის თანხები, თუ არადა დაფინანსების სხვა წყაროებიც გამოჩნდება, თუმცა საკითხი ასე არ დგას“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, “ამ ეტაპზე მიმდინარეობს მარკეტინგული გამოკვლევა ეკონომიკური თვალსაზრისით რამდენად მომგებიანი იქნება იგი“.
ცნობილია, რომ სომხეთის მხარე ამ პროექტის განხორციელების წინააღმდეგია, რადგან უკვე არსებობს სარკინიგზო ხაზი, რომელიც თურქეთს სომხეთის გავლით აკავშირებს აზერბაიჯანთან. თუმცა ეს ხაზი აზერბაიჯანთან და თურქეთთან დაძაბული ურთიერთობების გამო უმოქმედოა.
“სომხეთის პოზიცია ამ საკითხზე ნათელია: სომხეთი მზადაა მისცეს თურქეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს საშუალება გამოიყენოს ეს [სომხეთის ტერიტორიაზე არსებული სარკინიგზო] ხაზები, სომხეთის მონაწილეობის გარეშე“, – განაცხადა 27 ივნისს თბილისში გამართუილ ბრიფინგზე ვარდან ოსკანიანმა.