ახალი ამბები

სასამართლო გირგვლიანის საქმის განხილვას იწყებს

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა იწყება.

გაერთიანებული ქართული ბანკის ყოფილი თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი ყოფილი თანამშრომელია ეჭვმიტანილი. მკვლელობაში ბრალდებულები – შს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი გია ალანია და იმავე დეპარტამენტის კიდევ სამი თანამშრომელი:  ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ყაჭავა და მიხეილ ბიბილური 8 მარტიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.


სანდრო გირგვლიანი ოქროყანაში 28 იანვარს იპოვეს გარდაცვლილი. მას წამების კვალი აღენიშნებოდა.

გამოძიების პროცესში ეჭვმიტანილთა ბრალეულობა უფრო დამძიმდა და მათ სხვისი ქონების განადგურებისა და სამსახურეობრივი მოვალეობების გადამეტების ბრალდებებიც დაემატათ.


თუმცა გირგვლიანის ოჯახისა და მათი მხარდამჭერი საზოგადოებრივი ჯგუფების განცხადებით, ბრალდებულები დამკვეთების მითითებით მოქმედებდნენ. გირგვლიანის ოჯახს ეჭვი აქვს, რომ სანდროს მკვლელობაში შსს–ს ყოფილ მაღალჩინოსნებს დათა ახალაიას, ვასილ სანოძეს, გურამ დონაძესა და ასევე შს მინისტრის მეუღლეს თაკო სალაყაიასაც მიუძღვით წვლილი. ოთხივე მათგანი პროკურატურამ სამჯერ დაკითხა.


20 ივნისს თბილისის პროკურორმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, საქმეში მყოფი ყველა მოწმე საჯაროდ დაიკითხება სასამართლოზე, სადაც პროკურატურა მკვლელობაში ბრალდებულებს კიდევ ერთხელ შესთავაზებს საპროცესო გარიგებას ე.წ დამკვეთების დასახელების სანაცვლოდ.


დღევანდელი პროცესის დაწყებამდე გირგვლიანის ოჯახმა საზოგადოებას მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.


 

Back to top button