
ბაღაფში სააკაშვილთან შეხვედრის მზადყოფნას გამოხატავს
აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 26 ივნისს განაცხადა, რომ ის მზად არის შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და ხელი მოაწეროს შეთანხმებას საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობის თაობაზე, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმი“.
“მზად ვარ სააკაშვილთან ნებისმიერი საკითხი განვიხილო“, – განაცხადა ბაღაფშმა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ შეხვედრა კარგად უნდა მომზადდეს, რათა “პროდუქტიული“ იყოს.
მისი თქმით, აფხაზური მხარე მზად იყო ხელი მოეწერა საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობის შესახებ შეთანხმებისთვის, მაგრამ უარი თქვა მას შემდეგ, რაც ქართული მხარე დოკუმენტში რამდენიმე ცვლილების ინიციატივით გამოვიდა.
ერთ-ერთი მთავარი წინააღმდეგობა დოკუმენტის გარშემო უკავშირდება აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოებოს როლს.
ბაღაფშმა ასევე აღნიშმა, რომ სააკაშვილთან შეხვედრაზე ბევრი სხვა საკითხის განხილვაცაა შესაძლებელი, მათ შორისაა აფხაზეთზე ეკონომიკური ბლოკადის მოხსნა და აფხაზეთთან საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა.