ახალი ამბები

სეპარატისტულმა რეგიონებმა შესაძლოა რეფერენდუმი გამართონ

თვითგამოცხადებულ დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შემოდგომაზე სეპარატისტული რესპუბლიკების საგარეო–პოლიტიკური ორიენტირების განსაზღვრის მიზნით რეფერენდუმი იგეგმება, იუწყება 24 ივნისს “რია ნოვოსტი“ დნესტრისპირეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრზე ვალერი ლიცკაიზე დაყრდნობით.


დე ფაქტო მინისტრმა სოხუმში 14 ივნისს გამართული სეპარატისტების ლიდერთა სამიტის შედეგების კომენტირებისას ასევე განაცხადა, რომ “რეფერენდუმზე გამოთქმული აზრი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იქნება რუსეთთან და დსთ–ს ქვეყნებთან კონტაქტებში“.


ლიცკაის განცხადებით, სამივე არაღიარებულ რეგიონში დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმი უკვე გამართულია და ამ საკითხზე “განმეორებითი რეფერენდუმი არ იქნება“.

Back to top button