ახალი ამბები

სააკაშვილი გუბერნატორებთან შეხვედრაზე ტურიზმზე ამახვილებს ყურადღებას

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 25 ივნისს განაცხადა, რომ საქართველო ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით პრეზიდენტის ეროვნულ პროგრამას იწყებს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს კურორტებზე ყოველწლიურად 2,5 მილიონი ადამიანის მოზიდვას. 


მიხეილ სააკაშვილი გუშინ დანიშნულ გუბერნატორებს შეხვდა, რათა განეხილა, თუ რა კეთდება საქართველოს რეგიონებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.


სააკაშვილის განცხადებით, 2005 წელს საქართველოს კურორტებს დაახლოებით 500-600 ათასი ადამიანი ეწვია.


“ჩვენი მიზანია მომავალი წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი სულ ცოტა ოთხჯერ, ან თუნდაც ხუთჯერ გავზარდოთ. ეს აბსოლუტურად რეალურია“,  -დასძინა მან.


მისი თქმით, თავდაპირველად შეიქმნება ტურიზმის ორი სკოლა – ერთი თბილისში, ხოლო მეორე ქუთაისში, სადაც მომზადდება კვალიფიციური პერსონალი, რომლებიც შეძლებენ მაღალი დონის მომსახურების გაწევას ტურიზმის ცენტრებში, მათ შორის სასტუმროებსა და რესტორნებში. მესამე ამ ტიპის სკოლა მომდევნო ეტაპზე ბორჯომში გაიხსნება, დასძინა პრეზიდენტმა.


“საერთოდ, მომსახურების ხარისხი, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია უცხოელთა მოსაზიდად, არ არის დამაკმაყოფილებელი“, – აღნიშნა მან.


სააკაშვილის თქმით, საქართველოს ისტორიულ და კულტურულ ცენტრებში ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარება პრეზიდენტის ეროვნული პროგრამის კიდევ ერთი ნაწილია.


“ჩვენ უნდა შევქმნათ ძალიან თანამედროვე მუზეუმები… ბათუმის ისტორიული მუზეუმის და ალფრედ ნობელის მუზეუმის გახსნა ბათუმში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია… საქართველოში უამრავი მუზეუმებია, მაგრამ ვინ დადის იქ? უმეტეს შემთხვევაში, არავინ, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება კარგად-აღჭურვილი, მაღალი სტანდარტის მუზეუმები“, – დასძინა სააკაშვილმა.


“უძველესი ციხესიმაგრე გონიოში თავისი უნიკალური წყლის მომარაგების სისტემით უნიკალური ისტორიული მონუმენტია… როდესაც ჩვენ გვეკითხებიან დღეს: ევროპელი ხართ? ჩამოვიდნენ ის ევროპელები და ნახონ, წყლის მომარაგების როგორი სისტემა იყო აქ ორი ათასი წლის წინ“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მისი თქმით, აგვისტოდან საქართველოს რეკლამირება მოხდება CNN-ის და Euronews-ის ეთერით. ივნისის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ 175,000 აშშ დოლარი გამოყო ამ მიზნით.


პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ზომების გაძლიერება უნდა გახდეს ტურიზმის განვითარების სტრატეგიის ნაწილი. “პოლიციას უკვე მიეცა მითითებები ამ კუთხით“, – განაცხადა მან.


სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ პრეზიდენტს განუცხადა, რომ სვანეთში ცოტა ხნის წინ იტალიელი ტურისტების ჯგუფს თავს დაესხნენ და გაძარცვეს.


“ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ბოლო უნდა მოვუღოთ კრიმინალს სვანეთში… თითოეული ასეთი შემთხვევა ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე თავდასხმას“,  – დასძინა სააკაშვილმა. 


მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მალე შეიძენს რამდენიმე თვითმფრინავს უკრაინისგან, რათა ზაფხულის პერიოდში გაიზარდოს ფრენები თბილისსა და მესტიას შორის.

Back to top button