
ბაქო-თბილისი-ერზერუმის პროექტიდან დამატებითი გაზის მიღებაზე ექსპერტებმა მუშაობა დაასრულეს
ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტიდან საქართველოსთვის დამატებითი იაფი ბუნებრივი აირის შეძენის თაობაზე ექსპერტებმა საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან მუშაობა უკვე დაასრულეს.
ექსპერტები თბილისში ორი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ ქართული მხარის წინადადებაზე, რომელიც 2007 წლიდან სამხრეთ კავკასიური გაზსადენიდან სულ ცოტა 1,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის შეღავათიან ფასად შესყიდვას ეხება.
ჯერ-ჯერობით უცნობია ექსპერტების დასკვნა, თუმცა იგი წარედგინება სამივე ქვეყნის პრეზიდენტებს და შესაბამისი უწყებების მინისტრებს.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ საკითხზე საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტები 13 ივლისს თურქეთში დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებენ.
მანამდე კი იგეგემება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტი თურქეთსა და აზერბაიჯანში, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ დამატებითი გაზის მიღება იქნება.
21 ივნისს გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტმა დავით ინგოროყვამ “სივილ ჯორჯიას“ განუცხადა, რომ დამატებითი გაზის მოწოდება “სავსებით რეალურია“ და ამის საჭიროება კარგად ესმით თურქულ და აზერბაიჯანულ მხარეებს.