ახალი ამბები

აშშ მოუწოდებს სოხუმს განაგრძოს სამშვიდობო პროცესი

აშშ-ს საელჩომ საქართველოში სინანული გამოხატა აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის მიერ 21 ივნისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც სოხუმი გამოვა თბილისთან მოლაპარაკებების პროცესიდან, თუ ეს უკანასკნელი განაგრძობს ღონისძიებებს, რაც აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან  რუსი სამშვიდობოების გაყვანას ისახავს მიზნად. 


“ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს აფხაზეთის ხელისუფლებას დარჩეს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგული და გააგრძელოს მონაწილეობა მიმდინარე მოლაპარაკებებში. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ მოუწოდებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და საჯარო განხცადებებისაგან, რომლებიც განაპირობებს დაძაბულობის ზრდასა და დაპირისპირების შემდგომ მილიტარიზაციას“, – ნათქვამია აშშ-ს საელჩოს მიერ 23 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.


ამერიკის შეერთებული შტატებმა ასევე მოუწოდა საქართველოს მთავრობას, რომ თავის მხრივ გააგრძელოს აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ძალისხმევა, რაც აფხაზეთს მიანიჭებს მნიშვნელოვან ავტონომიას ერთიანი საქართველოს ფარგლებში.


ამერიკის შეერთებული შტატები ასევე მოუწოდებს ორივე მხარეს იმუშაონ ნდობის განმტკიცების მიმართულებით, გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის მიერ შემოთავაზებული ღონისძიებების შესაბამისად.

Back to top button