skip to content
ახალი ამბები

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ცხინვალს სტუმრობს

თბილისში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის კარელ დე გუხტი 23 ივნისს ცხინვალში ჩავიდა, სადაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან გამართავს მოლაპარაკებებს.


22 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან შეხვედრის დროს კარელ დე გუხტმა სამხრეთ ოსეთის საკითხი განიხილა.


ამავდროულად, ოსურ სოფელ ზემო ფრისის მოსახლეობამ გადაწყვიტა დროებით შეწყვიტოს ცხინვალში ეუთოს ოფისის გარეთ მიმდინარე საპროტესტო აქცია, რომელიც 22 ივნისს დაიწყო, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი. აქციის მონაწილეები ეუთოს დახმარებას მოითხოვდნენ ქართული პოლიციის საგუშაგოს გაუქმებაში, რომელიც სოფლის მახლობლად 14 ივნისს განთავსდა.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ 22 ივნისს განაცხადა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ ეუთოს ოფისის ბლოკირებამ შესაძლოა ჩაშალოს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტი ცხინვალში.


სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინებოდა 23 ივნისს, რომ აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს “ბლოკადის მოხსნა“, მას შემდეგ, რაც ქართული მხარე დაპირდა მათ, რომ მოხსნიდა პოლიციის საგუშაგოს ზემო ფრისის მახლობლად.


“ბლოკადა განახლდება, თუ პოლიციის საგუშაგო [23 ივნისს] შუადღისთვის არ მოიხსნება“, – იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.  


კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხეილ მინძაევმა 22 ივნისს ცხინვალში გამართული მოლაპარაკებების დროს მიაღწიეს სიტყვიერ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ქართული მხარე ერთი კვირის ვადაში მოხსნის თავის პოლიციის საგუშაგოს ზემო ფრისის მახლობლად, ხოლო სამხრეთ ოსეთის მხარე მოხსნის თავის მილიციის საგუშაგოს ქართულ სოფელ ავნევის მახლობლად.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button