
ახალი ამბები
ბორჯომი ზამთრის ოლიმპიადას ვერ უმასპინძლებს
საერთაშორისო ოლიმპურმა კომიტეტმა სოჭი (რუსეთი), ზალცბურგი (ავსტრია) და ფხიენჩანი (სამხრეთ კორეა) 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის კანდიდატებად დაასახელა. ბორჯომი კონკურსს გამოეთიშა.
ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ასევე იბრძოდნენ ალმა–ატა (ყაზახეთი), ხაკა (ესპანეთი) და სოფია (ბულგარეთი).
შვიდივე კანდიდატმა პირველი ფაზა გაიარა, რომელიც გულისხმობდა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის მიერ თითოეული ქალაქის მიერ ოლიმპიური თამაშების ორგანიზების შესაძლებლობის შეფასებას.
საქართველომ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპიძლობაზე განაცხადი 2005 წლის ივნისში გააკეთა. “დარწმუნებული ვარ, მოვიგებთ კონკურსში“, – განაცხადა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ბადრი პატარკაციშვილმა ოფიციალური განაცხადის გაკეთების შემდეგ.