ახალი ამბები

ჰეიდი ტალიავინი საქართველოში მოღვაწეობის ოთხწლიან პერიოდს აჯამებს

გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰეიდი ტალიავინიმ საქართველოში მოღვაწეობა დაასრულა და ამ პოსტზე ოთხწლიანი მუშაობის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ქართულ–აფხაზური დიალოგის აღდგენა და 2001 წლიდან შეჩერებული საკოორდინაციო საბჭოს განახლება დაასახელა. 


თუმცა ტალიავინი აცხადებს, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი მხარეებს შორის ნდობის აღდგენის, უსაფრთხოების გარანტიებისა და კონფლიქტის საბოლოოდ მოგვარების თვალსაზრისით.


“არც ერთი კონფლიქტი პოლიტიკური გადაწყვეტილების გარეშე არ მოგვარებულა“, – განაცხადა  22 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ტალიავინიმ და დასძინა, რომ ამას აცნობიერებენ კონფლიქტში ჩართული მხარეებიც.


მისი შეფასებით, სამშვიდობო პროცესს მნიშვნელოვანი იმპულსი შესძინა  ჟენევის პროცესის ფარგლებში დევნილთა დაბრუნების, ეკონომიკური რეაბილიტაციისა და უსაფრთხოების საკითხებზე მიღებულმა საბაზო გადაწყვეტილებებმა და სოჭში, 2003 წელს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამ. 


ტალიავინიმ ასევე აღნიშნა, რომ დაწყებულია მუშაობა დევნილთა დაბრუნებასთან დაკავშირებით. “მხარეებმა იციან ამ საკითხის მნიშვნელობა“, – დასძენს იგი.  


კონფლიქტის ზონაში მოქმედი რუსული სამშვიდობო ოპერაციის შესახებ ტალიავინიმ განაცხადა, რომ “არსებულ სიტუაციაში სამშვიდობოების და გაეროს მისიის დამკვირვებლების ყოფნა ერთადერთი შემაჩერებლი ფაქტორია, რომელიც სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლის საშუალებას არ იძლევა“. 


ჰეიდი ტალიავინი გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად საქართველოში 2002 წლიდან მუშაობდა. ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ შეცვლის მას ამ თანამდებობაზე. 

Back to top button