
ბაღაფში: რუს სამშვიდობოებს ალტერნატივა არ გააჩნიათ
აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 21 ივნისს განაცხადა, რომ სოხუმი გამოვა თბილისთან მოლაპარაკებების პროცესიდან, თუ ქართული მხარე განაგრძობს რუსი სამშვიდობო ძალების კონფლიქტის ზონიდან გაყვანისკენ მიმართულ ქმედებებს, იტყობინება “აფსნიპრესი“.
“ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში განლაგებულ რუს სამშვიდობოებს ალტერნატივა არ გააჩნიათ… მაგრამ თუ ქართული მხარე კვლავაც დაჟინებით მოითხოვს სამშვიდობოების გაყვანას, ჩვენ გამოვალთ მოლაპარაკებების პროცესიდან და აფხაზეთის შეიარაღებული ძალები ჩაანაცვლებენ რუს სამშვიდობოებს. ჩვენ შეგვწევს უნარი დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი მოქალაქეები“, – განაცხადა ბაღაფშმა.
21 ივნისს რუსმა სამშვიდობოებმა კონფლიქტის ზონაში ყოფნის 12 წლისთავი აღნიშნეს. 1994 წელს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მათი განლაგების შემდეგ 112 სამშვიდობო დაიღუპა.
საქართველოს პარლამენტი აფხაზეთში რუსი სამშვიდობოების საქმიანობის საკითხს ივლისში განიხილავს, რაც შესაძლოა მათი გაყვანის მოთხოვნით დასრულდეს. თუმცა საქართველოს მთავრობა თითქოს თავს იკავებს საკითხის ისე დასმისაგან, რომ რუსმა სამშვიდობოებმა კონფლიქტის ზონა დაუყოვნებლივ დატოვონ.