
თბილისს ნიდერლანდების პარლამენტის თავმჯდომარე სტუმრობს
დღეს ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ფრანს ვეისგლასი, რომელიც 22 ივნისიდან საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ქართველ კოლეგას ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის “მჭიდრო” ურთიერთობები, საპარლამენტო კავშირები, ასევე საქართველოს კონფლიქტებთან და საქართველო–რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები.
“ჩვენი სწრაფვა ნატოსაკენ მათთვის [ნიდერლანდების მხარისათვის] უნდა იყოს სრულად გასაგები იმისათვის, რომ მოვიპოვით მათი მხარდაჭერა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
თავის მხრივ ფრანს ვეისგლასმა აღნიშნა, რომ ნიდერლანდები მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.
ვიზიტის ფარგლებში ნიდერლანდების პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ–მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს და საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილს.