skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: კონფლიქტების კონტექსტიდან სამშვიდობოების ამოგლეჯა არ შეიძლება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პარლამენტი ივლისში რუსი სამშვიდობოების გაყვანასთან დაკავშირებით, იუწყება “რია ნოვოსტი“ 14 ივნისს.


“არ შემიძლია გამოვიცნო რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი – განიხილავს თუ არა ამ საკითხს”, – განაცხადა სააკაშვილმა.


“თუმცა კონფლიქტების კონტექსტიდან სამშვიდობოების ამოგლეჯა არ შეიძლება. ჯერ კონფლიქტების მოგვარებაში წინსვლა არ არის. არ იქნება წინსვლა და ყველაფერი თავისთავად განვითარდება. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ურთიერთობების გაუმჯობესების საერთო ფონზე ჩვენ შეგვეძლება გარკვეულად წინ წავიწიოთ კონფლიქტების მოგვარების საკითხში და მაშინ სამშვიდობოების გაყვანის საკითხიც სულ სხვა პოზიციას შეიძენდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა “რია ნოვოსტის“ სანკტ–პეტერბურგში 13 ივნისს პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.


“ყოველ ჯერზე რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა ერთგვარი იმპულსი ხდებოდა ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის…ახლა ჩვენი ურთიერთბები ისეთი ცუდია, რომ მათი კიდევ გაუარესება შეუძლებელია… დიალოგი შეწყვეტილი იყო. ახლა კი კვლავ დავიწყეთ ერთმანეთთან საუბარი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.


პრეზიდენტის განცხადებით, იგი აპირებს პრემიერ–მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს დაავალოს, რომ მუდმივი კურირება გაუწიოს რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებს. 


“რია ნოვოსტი“ ასევე იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრზე გელა ბეჟუაშვილზე დაყრდნობით, რომ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების მორიგი შეხვედრა შესაძლოა 20 ივლისს მოსკოვში დსთ–ს სახელმწიფოთა ლიდერების არაფორმალურ სამიტზე გაიმართოს, სადაც საქართველომ უკვე მიიღო მოწვევა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button