ახალი ამბები

პარლამენტარები პრეზიდენტების შეხვედრაზე პირველ კომენტარებს აკეთებენ

საპარლამენტო უმრალესობის წარმომადგენლები ზოგად კომენტარებში მიესალმებიან 13 ივნისს სანკტ–პეტერბურგში მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ შეხვედრამ დაძაბული ფონი განმუხტა, თუმცა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.  


“დიდი ხანი ელოდებოდა საქართველო იმას, რომ ეყოლებოდა პრეზიდენტი, რომელიც მის სათქმელს ყველა დონეზე და ყველგან იტყოდა ისე დამაჯერებლად, როგორც ეს ჩვენ ვნახეთ გუშინ: გულწრფელობით და პატრიოტიზმით, რაც საამაყოა“, – განუცხადა 14 ივნისს “რუსთავი 2“–ს გიგა ბოკერიამ.


უმრავლესობის ლიდერის მოადგილის დავით კირკიტაძის განცხადებით კი “რამდენად ეფექტური იყო შეხვედრა, ამას დრო გვიჩვენებს“.


ოპოზიციონერი დეპუტატი, რესპუბლიკური პარტიიდან ივლიანე ხაინდრავა იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება სანკტ–პეტერბურგის შეხვედრისგან “საგარეო პოლიტიკური ტრიუმფის ილუზიას“ არ შექმნის.


“არანაირი სერიოზული შეთანხმება არ მომხდარა და ორივე მხარე დარჩა იმავე პოზიციაზე, რომელზეც მანამდე იდგა და ეს ასეც იყო მოსალოდნელი, რადგან პოზიციები ძალიან დაშორებულია“, –  განუცხადა 14 ივნისს ივლიანე ხაინდრავამ “სივილ ჯორჯიას“.


მისი თქმით, პრეზიდენტებმა პრესკონფერენცია “უფრო გამოიყენეს არა ერთმანეთისადმი, არამედ საკუთარი მოსახლეობის მისამართით გზავნილებისათვის“.


კონსერვატიული პარტიიდან დეპუტატ აკახა კუკავას განცხადებით, პრეზიდენტების პრესკონფერენციიდან გამოჩნდა, რომ შეხვედრას, რომელიც ორ ქვეყანას შორის კინკლაობის დასრულების მიზანს ისახავდა, არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.


“არ იყო არც დათმობა, მაგრამ არ იყო არც წარმატება. პრესკონფერენციის ფორმატშიც კარგად ჩანდა ის დაძაბული ტონი, რომელიც ალბათ იყო მოლაპარაკებების დროს“, – განაცხადა კუკავამ.


ახალი მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის შეფასებით, კონფლიქტებთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა არა თუ უკან დაიხია, არამედ გაამყარა პოზიცია კონფლიქტების ზონებში რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, “რაც ძალიან საგანგაშოა”.  

Back to top button