ახალი ამბები

ზურაბიშვილი საარჩევნო ტაქტიკის შესახებ თავის პოზიციაზე საუბრობს

ოპოზიციური პარტიის “საქართველოს გზა“ ლიდერმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა გაზეთ “24 საათში“ 8 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა, რომ იგი უარს აცხადებს ადგილობრივი თვითმმართველობის წინ ოპოზიციური პარტიების მექანიკურ გაერთიანებაზე, რადგანაც ის არ აპირებს ოპოზიციურ პარტიებთან გარიგებაზე წავიდეს მხოლოდ იმისათვის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ადგილები ან თანამდებობები მოიპოვოს. 


“მე იმ ხალხის გამო შევქმენი პარტია, ვისაც მიაჩნდა და მიაჩნია, რომ საქართველოში არსებულმა ხელისუფლებამ არ გაამართლა იმედები და ოპოზიციაც არ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელსაც ჰქვია ახალი პოლიტიკა, ახალი საქართველოს მშენებლობა“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი სტატიაში.


ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილმა თავისი გადაწყვეტილება გაახმოვანა, რომლის მიხედვითაც იგი თბილისი მერის არჩევნებში აპირებს მონაწილეობას. დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი კანდიდატის დასახელება სურთ. კონსერვატორების ლიდერმა კობა დავითაშვილმა, რომელიც ასევე აპირებს კენჭი იყაროს მერის არჩევნებში, განაცხადა, რომ იგი მზად არის არ დააყენოს საკუთარი კანდიდატურა თბილისის მერის თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, თუ ზურაბიშვილი დათანხმდება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის გაერთიანებას. ახალი მემარჯვენეები ასევე შეუერთდნენ დავითაშვილის წინადადებას. რესპუბლიკური პარტიაც ერთიანი კანდიდატის დასახელებას უჭერს მხარს. ხოლო ლეიბორისტული პარტია ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს. თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა ყველა ეს შემოთავაზება უარყო.


“ჩემთვის წარმოუდგენელი იქნებოდა, ჩემი მოღვაწეობა დამეწყო იმით, რომ წავსულიყავი გარიგებებზე ჩემამდე არსებულ იმ პარტიებთან, რომლებმაც ხალხის ნდობა და მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს… როგორ შეიძლება შენი არარსებული კანდიდატურა მოხსნა ადამიანის სასარგებლოდ, რომლის აზრებს არ გაცნობიხარ და შეიძლება არ იზიარებ“, – წერს ზურაბიშვილი.


“სწორედ ამ ტიპის პარტნიორობაზე, ამ ტიპის ალიანსებზე, ამ ტიპის ყალბ გაერთიანებებზე ვამბობ უარს და დარწმუნებული ვარ, დიდი ნაწილი მოსახლეობისა ჩემთან ერთად, ასევე უარს ამბობს. თუ ამისი ფასი უნდა იყოს დამარცხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხვალვე, დაე იყოს“.


“რადგანაც, დარწმუნებული ვარ, და მე მგონია საზოგადოებაც ამას იზიარებს, ამათთან გაერთიანება, ან რაიმე გარიგებებში შესვლა, იმავე პოლიტიკის გაგრძელების ტოლფასი იქნება, რომელსაც საქართველოსთვის ნგრევის მეტი არაფერი მოუტანია. არც ერთი სკამი, არც მერის, არც სხვა, ჩემთვის არ ღირს იმად, რომ ჩემი პრინციპები დავთმო“, – დასძინა მან.


ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს გზა შეიქმნა იმისათვის, რომ გაერთიანდეს დაქსაქსული საზოგადოება საქართველოსთვის.  


“ამიტომაც ვსაუბრობდით კოალიციურ მთავრობაზე და მზად ვართ ყველა ჩავრთოთ საქართველოს კრიზისიდან გამოყვანის საქმეში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button