ახალი ამბები

პუტინი-სააკაშვილის შეხვედრა პეტერბურგში გაიმართება

საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები მაღალი დონის შეხვედრას სანკტ-პეტერბურგში 13 ივნისს გამართავენ. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა 3 ივნისს გააკეთა.


აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის დროს იქნა მიღებული, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის პრესამსახურის ცნობით, 3 ივნისს მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით გაიმართა.


“ჩვენი კონსტრუქციული დიალოგის ფართომასშტაბიანი განახლება, ეს არის ორმხრივ ინტერესებში, ჩვენი საგარეო მინისტრები ბოლო კვირების განმავლობაში იყვნენ ერთმანეთთან მუდმივ დიალოგში, დღეს პრეზიდენტ პუტინთან ერთად ჩვენ შევთანხმდით, რომ მოხდეს ორმხივი შეხვედრა პრეზიდენტების 13 ივნისს, პეტერბურგში და კონკრეტული საქმიანი, პრინციპული საუბარი. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ შეხვედრაზე ჩვენ მივიღოთ კონკრეტული შედეგები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე.


“დაგროვდა ძალიან მწავავე პრობლემები ჩვენი და რუსეთის ურთიერთობებში. ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ძალიან კონკრეტული და პირდაპირ გაცხადებული: ჩვენ მზად ვართ რუსეთთან გვქონდეს ძალიან ახლო, ძალიან მჭიდრო, ძალიან კონსტრუქციული ურთიერთობები, რომელიც დაეფუძნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აბსოლუტურ ხელშეუხებლობას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხების მშვიდობიან მოგვარებას, ყოველგვარი ზედმეტი  ბაირიერების, დაბრკოლებების, ხელოვნური სირთულეების მოხსნას და მოქნილობას ყველა სხვა საკითხის გადაწყვეტისას“, – განაცხადა სააკაშვილმა. 


“ჩვენი ხელისუფლების დასაწყისში ჩვენ ვთქვით, რომ ვუწვდით რუსეთს მეგობრობის ხელს და მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო: ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთხელ გავუწოდოთ მეგობრობის ხელი ჩვენს მეზობელს, ჩვენს ტრადიციულ პარტნიორს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დრო არის ცოტა, საკითხები დაგროვდა და საკითხები არის ძალიან მწვავე. და რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპული, შეუვალი პოზიცია, რომლიდანაც ერთი ფეხის ნაბიჯითაც ჩვენ ვერ მოვიცვლით იმიტომ, რომ ეს ეხება საქართველოს მომავალს და თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობას“, – დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.

Back to top button