
თურქეთსა და თვითგამოცხადებულ აფხაზეთს შორის შესაძლოა პირდაპირი საზღვაო გზა გაიხსნას
თურქეთი მზადყოფნას გამოთქვამს გაიხსნას პირდაპირი საზღვაო მიმოსვლა თვითგამოცხადებულ აფხაზეთთან, იუწყება “აფსნიპრესი“.
ამის შესახებ სოხუმში 1-2 ივნისს ვიზიტად მყოფმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ერთან თეზგორმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრთან ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრის დროს განაცხადა. ელჩმა შეხვედრები გამართა ასევე დე ფაქტო პრეზიდენტთან სერგეი ბაღაფშთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი შამბასთან.
თურქეთის ელჩის განცხადებით, იმის გამო, რომ ჯერ არ ჩანს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების კონკრეტული გზები, “მნიშვნელოვნად ვთვლი რიგი პრაქტიკული ნაბიჯების განხორციელებას. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ თურქეთსა და აფხაზეთს შორის პირდაპირი საზღვაო მიმოსვლის გახსნის საკითხი და არა მხოლოდ სამგზავრო“, – იუწყება “აფსნიპრესი“ ერთან თეზგორის სიტყვებზე დაყრდნობით.
“ეს საინტერესო პროექტია და მისი განხილვა წინასაწარი პირობების გარეშე შეიძლება“, – განაცხადა ანქვაბმა და აქვე დასძინა, რომ ქართული მხარისათვის არ იქნება მისაღები ეს პროექტი.
ამასთან, ერთან თეზგორმა განაცხადა, რომ თურქეთის სურვილია მის ტერიტორიაზე მცხოვრებმა აფხაზურმა დიასპორამ მჭიდრო ურთიერთობები დაამყაროს სოხუმთან, მათ შორის საინვესტიციო კუთხითაც.
სოხუმში გამართულ შეხვედრებზე თურქეთის ელჩმა ასევე განიხილა აფხაზეთის კონფლიქრტის მოგვარების საკითხები და მოლაპარაკებათა პროცესში ახალი გზების გამოძებნის მიზნით თურქეთის მხრიდან დახმარების შესაძლებლობა.