
საგარეო უწყებამ უცხოელ დიპლომატებს ცხინვალში შექმნილი ვითარება გააცნო
დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის პირველმა მოადგილემ ვალერი ჩეჩელაშვილმა და სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან, ასევე აშშ-ს ელჩთან და საერთაშორისო ორგანიზაციების მისიების ხელმძღვანელებთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა მხარემ წარმოადგინა ოფიციალური ხედვა და პოზიცია ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებასა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით.
1 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებაში თვითგამორკვევის უფლების მნიშვნელობაზე მიუთითა.
ჩეჩელაშვილმა ხაზი გაუსვა ბრიუსელში 14 ივნისს დაგეგმილ დონორთა კონფერენციის წარმატებულად ჩატარების მნიშვნელობას და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირებას.
“არანაირი სამხედრო მოქმედებებისთვის საქართველო არ ემზადება. ჩვენ ვემზადებით დონორების კონფერენციისათვის“, – განაცხადა ჩეჩელაშვილმა.