
კოკოითი ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებაზე საუბრობს
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის განცხადებით, ცხინვალის მიზანია ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა.
ამის შესახებ ედუარდ კოკოითმა 2 ივნისს მოსკოვში “ინტერფაქს“-ის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“[დე ფაქტო] ხელისუფლებამ და სამხრეთ ოსეთის ხალხმა დიდი ხანია განსაზღვრეს თავიანთი მიზანი. რა თქმა უნდა, ჩვენი ბრძოლის მიზანი – ეს ისტორიული სამართლიანობის აღდგენაა, გაერთიანება ჩრდილოეთ ოსეთთან და რუსეთის შემადგენლობაში შესვლა“- განაცხადა კოკოითმა.
მისი თქმით, ცხინვალის რეგიონი დე ფაქტო უკვე რუსეთის ნაწილია, რადგან სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის 95% რუსეთის მოქალაქეა”.
დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მოთხოვნით რუსი სამშვიდობოები არ დატოვებენ კონფლიქტის ზონას.
ასევე, კოკოითის განცხადებით, თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარების საჭიროება არ არის, რადგან დამოუკიდებლობას რეგიონში მცხოვრებმა მოსახლეობამ მსგავს რეფერენდუმზე 90-იან წლებში დაუჭირა მხარი.