ახალი ამბები

ეუთოს ელჩებმა ცხინვალში შეხვედრები გამართეს

ეუთოში ევროპის ქვეყნების ელჩების დელეგაცია დღეს თბილისიდან ცხინვალში გაემგზავრა, სადაც შეხვედრები გამართა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან ედუარდ კოკოითთან და დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან.


ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, კოკოითმა ეუთოს დელეგაციას ინფორმაცია მიაწოდა რეგიონში ბოლო დროს შექმნილი ვითარების შესახებ, მათ შორის ქართველი სამართალდამცავების მიერ 27 მაისს ოსი მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით, რამაც თბილისის და ცხინვალის ურთიერთობები დაძაბა.

“ბოლო ვითარება მკაფიოდ აჩვენებს, რომ საქართველოს არ სურს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრა… საქართველოს ხელისუფლება უარს აცხადებს ოთხივე მხარის [ქართული, სამხრეთ ოსური, რუსული, ჩრდილოეთ ოსური]მაღალი დონის პოლიტიკურ შეხვედრაზე, შერეულ საკონტროლო კომისიაში (შსკ) ქართული მხარე უარს აცხადებს ხელი მოაწეროს უსაფრთხოების გარანტიის მემორანდუმს“, – განაცხადა კოკოითმა ელჩებთან შეხვედრაზე და დასძინა, რომ ცხინვალი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა.

ქართული მხარე უსაფრთხოების გარანტიებისა და ომის განუახლებლობის შესახებ დოკუმენტის წინააღმდეგია, რადგან მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმა უსაფრთხოების საკმარისი გარანტიაა.

Back to top button