ახალი ამბები

კულახმეტოვი: რუსი სამშვიდობოების როტაცია მაინც განხორციელდება

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალების სარდლის მარატ კულახმეტოვის განცხადებით, ქართული მხარის პროტესტის მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში რუსული სამშვიდობო კონტიგენტის როტაცია მაინც განხორციელდება, იუწყება 30 მაისს სააგენტო “ინტერფაქსი“.
 
საქართველოს ხელისუფლება წინააღმდეგია რუსი სამშვიდობოების ახალი ბატალიონი კონფლიქტის ზონაში როკის გვირაბის გავლით შევიდეს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 30 მაისს საპროტესტო ნოტა საქართველოში რუსეთის ელჩს ვლადიმერ ჩხიკვიშვილს გადასცა. თბილისი მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სამშვიდობოების შემოყვანა უნდა მოხდეს ლეგალარად მოქმედი სასაზღვრო გამშვები პუნქტის მეშვეობით.
 
“სამშვიდობოების გეგმიური როტაცია ყველა შემთხვევაში დაგეგმილ ვადებში განხორციელდება… ჩვენთვის ცნობილია ქართული მხარის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების მოწყობის შესახებ, როტაციის პროცესის ჩაშლის მიზნით, მაგრამ ამის მიუხედავად როტაცია დაგეგმილ ვადაში განხორციელდება“ – განუცხადა “ინტერფაქსს“ სატელეფონო საუბრისას 30 მაისს მარატ კულახმეტოვმა.


“ეს [სამშვიდობოების შემოყვანა როკის გვირაბის გავლით] არის აშკარა კანონის დარღვევა, როგორც რუსეთის, ისე საქართველოსი, ისე სამშვიდობო შეთანხმებების… ჩვენ ამას აღვიქვავთ, როგორც ძალის გამოყენებას რუსეთის სამშვიდობო ძალების მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განუცხადა ტელეკომპანია დღეს “იმედს“ გიორგი ხაინდრავამ.

Back to top button