ახალი ამბები

თბილისი სამშვიდობოების როტაციისთვის როკის გვირაბის გამოყენების წინააღმდეგია

საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, რუსეთს შეუძლია საქართველოში შემოიყვანოს ჯარისკაცები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების როტაციის მიზნით, მხოლოდ ლეგალურად მოქმედი სასაზღვრო გამშვები პუნქტებიდან.


“ჩვენ 23 მაისს გავუგზავნეთ წერილი რუსულ მხარეს, სადაც აღნიშნული იყო რომ როკის გვირაბიდან სამხედროების შემოყვანა იქნება არსებული ხელშეკრულებების დარღვევა,“ – განუცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ რუსულ ტელეკომპანია НТВ–ს 30 მაისს.


რუსეთის მხარემ განაცხადა რომ იგი სამშვიდობო ბატალიონის გეგმიურ როტაციას 29 მაისს იწყებს, რომელიც ოთხი დღე გაგრძელდება.


30 მაისს სააგენტო “იტარ–ტასსმა“ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც ქართული მხარე რუსული სამშვიდობო ბატალიონის როტაციის პროცესის ჩაშლას გეგმავს.

Back to top button