ახალი ამბები

ნოღაიდელი ეუთოს ელჩებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი თბილისში არაოფიციალური ვიზიტით მყოფ ეუთოში ევროპის ქვეყნების ელჩებს შეხვდა, სადაც ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობა და საქართველოს დსთ–დან შესაძლო გამოსვლის საკითხები განიხილეს.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ზურაბ ნოღაიდელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის თაობაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ დღის წესრიგში კვლავ რჩება ცხინვალის რეგიონის დემილიტარიზაციის საკითხი.


პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების სურვილია ჰქონდეს მაქსიმალურად ღია ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან, “ხოლო, დსთ-ს არაეფექტურობისა და არაქმედუნარიანობის გამო, იძულებულია დაამყაროს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები მის პარტნიორებთან, მათ შორის სუამის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) ფარგლებში“, – იუწყება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური 29 მაისს.


პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დსთ-დან გამოსვლა საქართველოს ხელისუფლების “თვითმიზანი” არ არის და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ შესაბამისი შეფასებითი სამუშაოს ჩატარების შემდეგ.

Back to top button