ახალი ამბები

უმრავლესობა ოპოზიციას გიორგაძის საქმიანობის მონიტორინგს სთავაზობს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილემ დავით კირკიტაძემ დღეს ოპოზიციას, რომელიც ბოიკოტის გამო ბიუროს და პლენარულ სხდომებს არ ესწრება, შესთავაზა ერთობლივი საპარლამენტო ჯგუფის შექმნა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილი იგორ გიორგაძის პარტია სამართლიანობის საქმიანობას შეისწავლის და მის ფონდს გაუწევს მონიტორინგს.


“მინდა შევთავაზო მათ[ოპოზიციას], რომ ერთობლივად ვიმუშავოთ აღნიშნულ საკითხებზე…, რათა აღმოიფხვრას ის, რაც ხდება“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.


25 მაისს ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ – ახალმა მემარჯვენეებმა, რესპუბლიკელებმა, კონსერვატორებმა, პარტია თავისუფლებამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც კატეგორიულად გაემიჯნენ იგორ გიორგაძეს და გამოთქვეს ეჭვი, რომ გიორგაძისგან “მტრის ხატის“ შექმნით, ხელისუფლება მასთან ერთიანი სტრატეგიით მოქმედებს.


“ჩვენ უბრალოდ ვაძლიერებთ [ოპოზიციის] ამ ინიციატივას… მოდით ეს გავაკეთოთ და ჩვენც ნაკლებ დადანაშაულებული ვიქნებით, რომ მტრის ხატი გვინდა შევქმნათ გიორგაძისგან და მათი [ოპოზიციის] პოლიტიკური ნებაც განხორციელებული იქნება“, – განაცხადა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ.


თუმცა კოლეგების ამ ინიციატივას საპარლამენტო ოპოზიცია ენთუზიაზმით არ შეხვედრია, რადგან ოპოზიციური ფრაქციები მიიჩნევენ, რომ გიორგაძის პარტიისა და ფინანსების კონტროლი პარლამენტის კომპეტენციაში არ შედის. ოპოზიციამ ახალი შეთავაზება მათი პარლამენტის სხდომებზე შეტყუების მცდელობად შეაფასა.  


“არ არის ეს საქართველოს პარლამენტის ფუნქცია, რომ შეისწავლოს ამა თუ იმ პარტიის ფონდის საქმიანობა. ეს არის სპეციალური სამსახურების ფუნქცია“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ ახალი მემარჯვენეებიდან.


“ამ კონკრეტულ საკითხში კომისიის შექმნა ძალიან კომიკურია“, – განაცხადა რესპუბლიკელმა დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა, რომელმაც “ნიშანდობლივი“ უწოდა კირკიტაძის მიერ ამ ახალი “დავალების“ გახმაურებას.


ცოტა ხნის წინ კირკიტაძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დატოვა და მისი ადგილი ოპოზიციას ბოიკოტის შეწყვეტის პირობით შესთავაზა. 

Back to top button