ახალი ამბები

ცხინვალი ქართველ სამშვიდობოთა როტაციას აპროტესტებს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, 28 მაისს ღამით კონფლიქტის ზონაში ქართველ სამშვიდობოთა როტაცია შერეულ საკონტროლო კომისიასთან (შსკ) შეუთანხმებლად განხორციელდა.


ოსური მხარის განცხადებით, როტაციის შესახებ შსკ–ს ქართული მხარის თანათავმჯდომარეს გიორგი ხაინდრავას კომისიისთვის ერთი თვით ადრე უნდა ეცნობებინა.


“ქართული მხარე სამხედრო ქვედანაყოფების სხვადასხვა მიზეზებით კონცენტრირებას ახდენს სტრანკავკასიურ თამარაშენი–კეხვის მონაკვეთზე. ცნობილია, რომ სამშვიდობოთა დებულების დარღვევით, ქართული სამშვიდობო ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს ექვემდებარება“, – აცხადებს ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


ოსური მხარის ინფორმაციით, უკანასკნელად ქართული სამშვიდობო ბატალიონის როტაცია 27 მარტს განხორციელდა.


პარალელურად, 29 მაისს დაიწყო და 4 დღეს გასტანს რუსული სამშვიდობო კონტიგენტის როტაციის პროცესი. “ინტეფაქსი” სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების შტაბის მეთაურზე რემი აკიმოვზე დაყრდნობით იტყობინება, რომ როტაციას 500 რუსი სამხედრო დაექვემდებარება. სამხედრო ტექნიკის შეცვლა არ იგეგმება.


 

Back to top button