ახალი ამბები

მოსკოვი ცხინვალის რეგიონში მომხდარ ინციდენტს “პროვოკაციულს“ უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრო 30 მაისს გავრცელებულ განცხადებაში “პროვოკაციულს“ და”დესტაბილიზაციისაკენ გამიზნულს“ უწოდებს 27 მაისს ქართველი სამართალდამცავების მიერ ცხინვალის რეგიონში 40–ზე მეტის ადამიანის დაკავებას და აცხადებს, რომ “მსგავსი ექსცესების შედეგებზე მთლიანი პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს ეკისრება“.


მოსკოვის ინფორმაციით, 27 მაისს ქართულმა მხარემ “ყველა შეთანხმების დარღვევით“ კონფლიქტის ზონაში სპეცდანიშნულების ქვედანაყოფი შეიყვანა, რომელთა ოპერაციის დროსაც შერეული სამშვიდობო ძალების, კერძოდ კი რუს სამშვიდობოთა რამოდენიმე საგუშაგო იქნა ბლოკირებული.


“შეიქმნა პოზიციური წინააღმდეგობის სიტუაცია, რომლის დროსაც ორივე მხარის სამხედროები უშუალო შეხებაში იყვნენ ერთმანეთთან იარაღით ხელში“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ შერეული ძალების ქართულ ბატალიონთან არანაირი კავშირი არ ქონდა კონფლიქტის ზონაში შეყვანილ სპეცრაზმის შემადგენლობას.


განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ინციდენტის შედეგი შესაძლოა “შეიარაღებული შეტაკება ყოფილიყო, რომელიც შეიძლებოდა ნებისმიერ მომენტში სისხლისღვრაში გადაზრდილიყო. მხოლოდ რუსი სამხედროების მიერ გამოჩენილმა თავშეკავებამ განაპირობა მოვლენათა ამ სცენარით განვითარების შეჩერება“.


მოსკოვი თბილისს მოუწოდებს ყველა ზომა მიიღოს შემდგომი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, რამაც შესაძლოა “კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს“.

Back to top button