ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილს თბილისის მერობა სურს

ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოპოზიციური პარტიის საქართველოს გზა ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ საკვირაო პროგრამა “დროებას“ 28 მაისს განუცხადა, რომ იგი თბილისის მერობისათვის ბრძოლას გეგმავს.


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სავარაუდოდ ნოემბერში გაიმართება.


თვითმმართველობის შესახებ კანონის თანახმად, თბილისის მერს საკრებულო ირჩევს, სადაც 25 მანდატს მაჟორიტარული სისტემით ოლქების მიხედვით საუკეთესო შედეგის მქონე პარტიების კანდიდატები მიიღებენ, დარჩენილ 12 ადგილს კი ათივე საარჩევნო ოლქში 4%–იან ბარიერ გადალახული პარტიები დაიკავებენ. 37 წევრიანი საკრებულო თავისი შემადგენლობიდან აირჩევს შემდეგ დედაქალაქის მერს. ამ პოსტის დასაკავებლად საკრებულოში სულ ცოტა ხმების 2/3–ის მიღებაა საჭირო.


ზურაბიშვილის განცხადებით, იგი არ მიიჩნევს, რომ “პირდაპირი არჩევნები მაინცდამაინც დემოკრატიის ნიშანი იყოს“. ეს პოზიცია აბლოლუტურად განსხვავებულია დანარჩენი ოპოზიციის მოსაზრებისაგან.


ოპოზიციურ პარტიათა უმეტესობა, რომლებიც თბილისის მერის თანამდებობას პრეზიდენტის საპირწონედ განიხილავენ, მერების პირდაპირი წესით არჩევას მოითხოვს. მათი განცხადებით, ხელისუფლება უფრთხის თბილისის მერის პირდაპირ არჩევნებს, რადგან მერს ყველა წინაპირობა აქვს იმისათვის, რომ სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად იქცეს. ამასთან, საქართველოს ამომრჩევლის დაახლოებით 1/3 თბილისში ცხოვრობს.


შარშან კონსერვატორული პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა ასევე განაცხადა, რომ გეგმავს თბილისის მერად იყაროს კენჭი.

მსგავსი/Related

Back to top button